Tuesday, March 6, 2012


ერთი ანეგდოტი გამახსენდა
იაკობი რაბინთან მივა და შესჩივლებს:
  • რაბი, რა მეშველება?.. ოჯახში ცხრანი ვართ. სახლი, ერთი პატარა ქოხია, მოცუცქნული ოთახით, ყველა ხმაურობს, პაპა ავადაა, ბავშვები ხმაურობენ. რამე თუ არ მეშველა, ჭკუიდან შევიშლებიო.
შეხედა რაბინმა და მშვიდად უთხრა:
  • ნუ გეშინია იაკობ. თორაში ყველაფერი წერია და ახლავე ჩავიხედებიო.
ჩაიხედა რაბინმა და იაკობს მტკიცედ უთხრა:
  • აუცილებელია სახლში თხა მიიყვანო და დააბაო.
  • რას ამბობ, რაბი, ისედაც ამდენი ვართო!.. – შეიცხადა იაკობმა.
  • თორაში ასე წერია და უნდა გააკეთოო.
რა ექნა იაკობს, დაუჯერა რაბინს, წავიდა, იყიდა ბოლო გროშებით თხა და სახლში დააბა. გავიდა ერთი კვირა და იაკობი რაბინთან ამოღამებული თვალებით მოდის:
  • რაბი, საშინლად ვარ. ერთ მოცუცქნულ სახლში ცხრანი ვართ, ბავშვები ხმაურობენ, პაპა ავადაა და კვნესის. ცოლი სულ ლაპარაკობს, მამა და დედა ჩხუბობენ და ეს თხა ხომ სულ გადამრევსო.
შეხედა რაბინმა და ისევ ისე უთხრა:
  • ნუ გეშინია იაკობ. თორაში ყველაფერი წერია და ახლავე ჩავიხედებიო.
ჩაიხედა რაბინმა და იაკობს მტკიცედ უთხრა:
  • თხა უნდა გაუშვა სახლიდანო.
იაკობმა აღარაფერი თქვა და სახლში გაბრუნდა. აღარ გამოჩნდა მეტი იაკობი და ერთხელაც რაბინი ქუჩაში შეხვდა. ეკითხება იაკობს:
  • იაკობ, დეგენაცვლე, როგორ გაქვთ სახლში საქმეო?
იაკობმა ლაღად გადმოხედა და თქვა:
  • რას ამბობთ, რაბი, რაც ის საძაგელი თხა გავაგდეთ სახლიდან თავისუფლად ამოვისუნთქეთ ყველამო.

* * *

ერთგვარად იაკობის ოჯახს გავს საზოგადოება, რომლის ნაწილი მეც ვარ. უკვე მესამე თხა დავაბით ჩვენს „მოცუცანულ სახლში“ და ახლა მის გაშვებას ვნატრობთ, რომ „თავისუფლად“ ამოვისუნთქოთ. არადა პრობლემა თვითონ ოჯახშია. მერე ალბათ, რომ არ ვაღიაროთ ეს, მეოთხე თხას მოვიყვანთ და ყველაფერს მას გადავაბრალებთ. არა, ერთის მხრივ, მართალიცაა, ეს „თხაც“ შემაწუხებელია, მაგრამ განა იაკობმა და ჩევენ თვითონ არ მოვიყვანეთ ის „ოჯახში“? ან უშველის კი მხოლოდ „თხის“ სახლიდან გაგდება საქმეს?

No comments:

Post a Comment